15 არალეგალი აფხაზეთის საოკუპაციო ზოლთან დააკავეს. არაბული ქვეყნების მოქალაქეები აფხაზ ჟურნალისტებთან ყვებიან, რომ გალის რაიონში ქართველი სამართალდამცავების დახმარებით მოხვდნენ.
მათი მონაყოლით ირკვევა, რომ ერთი კაცის გადაყვანა ევროპაში 1500-3000 დოლარამდე ღირს, საკონტაქტო პირი კი მათ თბილისში მარჯანიშვილის ქუჩაზე ელოდებოდა.
შსს-ში საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასა და არალეგალების გადაყვანაში ქართველი სამართალდამცავების მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფენ.
არაბი არალეგალების დაკავების საკითხი და საოკუპაციო რეჟიმის მიერ ოფიციალური თბილისის მისამართით გამოთქმული ბრალდებების შესახებ ინფორმაცია აქვთ უსაფრთხოების სამსახურშიც.
ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ არაბული ქვეყნებიდან მოქალაქეები საქართველოში ტურისტული ვიზებით მართლაც შემოსულიყვნენ, შემდეგ კი თაღლითური ჯგუფის მსხვერპლნი გამხდარიყვნენ. ექსპერტები საქართველოს ძალოვან უწყებებს ამ საქმის გამოძიებას ურჩევენ.
ევროკავშირის წარმომადგენლობა კი თემაზე, თუ როგორ უმკლავდება საქართველო უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ მიგრანტებს, კომენტარს არ აკეთებს.
ავტორი: ემა გოგოხია.