20 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
მმართველ გუნდში შს მინისტრის პარლამენტში მისვლის საჭიროებას ვერ ხედავენ

ოპოზიციის მიერ შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში დაბარებას საპარლამენტო უმრავლესობაში უპასუხეს. საპარლამენტო ოპოზიცია გიორგი მღებრიშვილის ნუცუბიძის პლატოზე ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კითხვებზე საპასუხოდ იბარებს.

ნუცუბიძის მეოთხე მიკრო რაიონში მომხდარი ტრაგედია ოპოზიციის განცხადებით, სისტემური პრობლემის შედეგია. მმართველი გუნდი კი, პატრულის მხრიდან ძალის გადამეტებას გამორიცხავს და მომხდარს უბედურ შემთხვევად აფასებს.

მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე გიორგი მღებრიშვილის პარლამენტში მისვლის საჭიროება არ დგას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და გამოძიების ფარგლებში სამართალდამცავების მიმართ ადმინისტრაციული ზომები უკვე მიღებულია.

„საკმაოდ სერიოზული ბალანსი უნდა იყოს საზოგადოებრივ წესიერებას, განცდას და სამართალს შორის და ამით სპეკულირება არის აბსოლუტურად უადგილო. არცერთი კითხვა მე არ ვიცი, რომელიც არის ჯერჯერობით, პასუხგაუცემელი,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების” წევრი, კობა ნარჩემაშვილი შს მინისტრის პარლამენტში მისვლის საჭიროებას ვერ ხედავს.

„თუ იქნა ისეთი საკითხი, რომელიც დაბადებს კითხვებს პოლიტიკურად, ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია, მაგრამ, ჯერჯერობით ამის აუცილებლობას მე ვერ ვხედავ,“ - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილი მინისტრის პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით თანაგუნდელების მოსაზრებას იზიარებს.

„ამ ეტაპზე არანაირი საჭიროება არ არის იმის, რომ მინისტრი იქნას პარლამენტში დაბარებული და მას რაღაც გარკვეული კითხვები დავუსვათ, იმიტომ, რომ ეს კითხვები ჯერ არა მინისტრმა, არამედ პროკურატურამ  უნდა გასცეს, პირველ რიგში,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა. 

ნუცუბიძის ფერდობზე ახალგაზრდა მამაკაცი იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც მას საპატრულო ეკიპაჟი ხელბორკილებს ადებდა. საქმეზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

 

დღის ამბები