ამერიკელი კონგრესმენები საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ. ორპარტიულ რეზოლუციაში ტედ პო და ჯინ გრინი ქართულ მხარეს ბიუროკრატიულ პრობლემებსა და კორუფციაზე მიუთითებენ, რომელიც ბიზნესის გარდა საფრთხეს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასაც უქმნის. კონგრესმენები შიშობენ, რომ შესაძლოა ბიზნესის მიმართ არაჯანსაღმა დამოკიდებულებამ ორ ქვეყანას შორის მრავალწლიან ურთიერთობაზეც იმოქმედოს.
ამერიკელი კონგრესმენები იმ კონკრეტულ ბიზნესმენებზე საუბრობენ, რომლებსაც მათი ინფორმაციით, საქართველოში პრობლემები აქვთ. კონგრესმენი ჯინ გრინი ერთ-ერთ ასეთ კომპანიად ”ფრონტერა რესორსს” ასახელებს და იმედი აქვს, რომ პროცესები კანონის უზენაესობის დაცვით წარიმართება. არაოფიციალური ინფორმაციით კიდევ ერთი უმსხვილესი კომპანია, რომელიც რეზოლუციის ავტორების შეშფოთების მიზეზი გახდა, ფილიპ მორისია.
ამერიკელი ინვესტორების უკმაყოფილება და კონგრესმენების კრიტიკული ტონი ნაცნობია შეერთებულ შტატებში საქართველოს ყოფილი ელჩისთვის ბათუ ქუთელიასთვის.
ოპოზიციონერი დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ რეზოლუციის ავტორები სასმართლოს პრობლემებსა და არაჯანსაღ ბიზნეს გარემოზე სამართლიანად საუბრობენ თუმცა, არც ქართველი და არც ამერიკელი კოლეგების კრიტიკას არ იზიარებენ მმართველი პოლიტიკური გუნდის წევრები.
ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკულ ტონსა და კონკრეტულად ნავთობკომპანია ”ფრონტერა რესორსის” პრობლემების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ნავთობისა და გაზის კორპორაციაში გამოეხმაურნენ. უწყებაში ამბობენ, რომ ცნობები სახელმწიფოს მხრიდან ამერიკული კომპანიის ინტერესების შეზღუდვის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.