აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მედიის თავისუფლებასა და საარჩევნო სისტემის ცვლილებებზე იყო საუბარი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე, რომელიც უკრაინის უმაღლეს რადაში ჩატარდა. გაიმართა პოლიტიკურ საკითხთა, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის კომიტეტის სხდომა, მას ქართველი დეპუტატებიც დაესწრნენ.
„კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ის თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი მედიის არსებობა თავისუფალი საზოგადოების არსებობისთვის, დემოკრატიის არსებობისთვის,“ - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ.
კომიტეტმა დაამტკიცა რეზოლუციის პროექტი ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპულ სახელმწიფოებში მედიის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ. „ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, განხილული იყო საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებული თემებიც.
„მე მივაწოდე ინფორმაცია ევროპარლამენტარებს და ჩვენს კოლეგებს იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ჩვენს ქვეყანაში, მას შემდეგ, რაც შეიცვალა კონსტიტუცია,“ - აცხადებს სერგი კაპანაძე.