თვითმმართველობის არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ასობით საჩივართან ერთად, ნაციონალურმა მოძრაობამ ვიდეომტკიცებულებები გაასაჯაროვა.
ოპოზიციური პარტიაში აცხადებენ, რომ კადრებში დაფიქსირებული არჩევნების გაყალბების ფაქტები არ არის ერთეული შემთხვევა და თვითმმართველობის არჩევნებზე ე.წ. კარუსელს სისტემური სახე ჰქონდა.
გლდანის მე-13 საარჩევნო უბანზე გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ერთი და იგივე პირი ხმას ორჯერ აძლევს.
საბურთალოს მე-60 უბანზე გადაღებულ კადრების მიხედვით ირკვევა, რომ ერთ-ერთი ამომრჩეველი, რომელიც სარეგისტრაციო მაგიდასთან დგას, რამდენიმე ბიულეტენს ჯიბეში იდებს.
ნაციონალური მოძრაობის ვიდეომტკიცებულებების ჩამონათვალშია ვადაგასული პირადობის მოწმობით ხმის მიცემის ფაქტიც.
მასალაში ისმის, რომ კომისიის წევრი ამომრჩეველს კონკრეტულ მაგიდასთან მიუთითებს, სადაც ის ვადაგასული პირადობით ხმის მიცემას შეძლებს. კიდევ ერთი შემთხვევა პირადობის მოწმობის გარეშე ხმის მიცემის პორცესს ასახავს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ნაციონალური მოძრაობის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სიზუსტეში ეჭვი ეპარებათ.
ვიდეომტკიცებულებებთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კომენტარი არ გაუკეთებიათ.