მოსკოვში აფხაზეთის საკითხზე მოლაპარაკებების გამართვას მიუღებლად მიიჩნევს თეოლოგების ნაწილი. ექსპერტების შეფასებით, რუსულ ეკლესიასთან ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ პირისპირ დიალოგი საფრთხის შემცველია და მოლაპარაკებებში ნეიტრალური მხარეები უნდა ჩაერთონ.
“შესაძლებელია დახურულ კარს მიღმა იყოს რაღაც თემებზე საუბარი. საქართველოს ეკლესია არ უნდა დაეთანხმოს რუსეთის ეკლესიის მიერ შექმნილ ფორმატს, ამ საკითხებზე დიალოგის. საქართველოს ეკლესია თავად უნდა იყოს ინიციატორი ასეთი შეხვედრების და ასეთი შეხვედრები უფრო ფართომასშტაბიანი უნდა იყოს,“ - განაცხადა თელოგმა ვლადიმერ ნარსიამ.
თეოლოგები აცხადებენ, რომ დიალოგი აუცილებელია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქართულმა მხარემ ყველაფერი დათმოს. რაც შეეხება კომისიის სხდომისგან დამოუკიდებლად, სინოდის წევრების რუსეთის პატრიარქობის აღდგენიდან 100 წლის აღსანიშნავად გამგზავრებას, თეოლოგები საგანგაშოდ არ მიიჩნევენ.
„უნდა გავიგოთ რას გვთხოვენ ჩვენ, რა პირობები უნდათ ჩვენგან და რას შეგვიძლია ჩვენ ამით მივაღწიოთ. თავისთავად დიალოგი აუცილებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავთმოთ ყველაფერი,“ - აცხადებს თეოლოგი ლევან აბაშიძე.