22 დეკემბერი 2024,   16:20
ვრცლად
"ევროპული საქართველო" ბიუროს სხდომაზე გადასახადების შემცირებას და საგამოძიებო კომისიების შექმნას მოითხოვს 

გადასახადების შემცირებისა და საგამოძიებო კომისიების შექმნის საკითხებს დააყენებს დღეს "ევროპული საქართველო". საუბარია აფგან მუხთარლის გატაცებისა და ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმეების შესწავლაზე. არ არის დაგეგმილი მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების საკითხის განხილვა.

„უნდა იყოს განხილული საგამოძიებო კომისიების შექმნა, პირველი არის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, მეორე ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს გადასახადებიდან გათავისუფლების საკითხები, რომლებიც წლის განმავლობაში გვქონდა დაყენებული და აქტუალურია, რადგან არის ეკონომიკური კრიზისი და ამ კრიზისიდან გამოყვანის ერთადერთი საშუალება არის გადასახადების დაწევა,“ - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი.

დეპუტატების განმარტებით, დღევანდელ შეხვედრაზე იმსჯელებენ 51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობისა და საგანმანათლებლო სისტემის პრობლემაზეც, თუმცა საკითხის ოფიციალურად დაყენებას კანონმდებლების განცხადებით, ბიუროს ფორმატი არ ითვალისწინებს.

„გვექნება მსჯელობა საკანონმდებლო ინიციატივების თაობაზე, კანონმდებლობაში გარკვეული ტიპის ცვლილებებთან დაკავშირებით, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია მეორე მხარე, ვგულისხმობ ოჯახის ინსტიტუტს, სკოლის ინსტიტუტს, ხელმძღვანელობას. ამ მხრივ სამუშაო გვაქვს,“ - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები