22 დეკემბერი 2024,   16:26
ვრცლად
51-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დღეს უჩვეულო რეჟიმში განახლდა - მობილიზებულია პოლიცია

51-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დღეს უჩვეულო რეჟიმში განახლდა. სკოლის პერიმეტრზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. უშუალოდ მოსწავლეებთან დილიდან მუშაობენ ფსიქოლოგები, რომლებსაც უშუალოდ ხელმძღვანელობს ლევან ზარდალიშვილი.

რამდენიმე წუთის წინ საპატრულო პოლიციის რამდენიმე მაღალჩინოსანმა დატოვა სკოლის მიმდებარე ტერიტორია. „კურიერის“ ინფორმაციით, მთაწმინდის სამმართველოს ხელმძღვანელი იმყოფებოდა, თუმცა, უცნობია, საგამოძიებო პროცესის რა ნაწილში მიიღეს მონაწილეობა, გამოკითხეს თუ არა დამატებით რომელიმე პირი.

მანდატურები არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა სკოლაში პნევმატური იარაღი, რომელიც პროკურატურის მტკიცებით, ერთ-ერთ მოსწავლეს ჰქონდა. მანდატურების თქმით, უცხო პირთა შესვლა სკოლის ტერიტორიაზე იკრძალება.

სკოლის შენობასთან მოდიან მშობლები და მოქალაქეები, ანთებენ სანთლებს და იხსენებენ გარდაცვლილ მოსწავლეებს.

მელიქიშვილის გამზირზე მიდიან მოქალაქეებიც და დაღუპული ბავშვების ხსოვნას მიაგებენ პატივს. სკოლასთან მისულები აცხადებენ, რომ განათლების სისტემაში გარკვეული ცვლილებები უნდა გატარდეს, რათა მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდეს.

51-ე სკოლაში განვითარებულ მოვლენებზე და შემდგომ რეაგირებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი გაიმართება, სადაც განცხადებას სავარაუდოდ, მინისტრი მიხეილ ჩხენკელი გააკეთებს.

 

დღის ამბები