22 დეკემბერი 2024,   16:14
ვრცლად
"აი რა კარგები ვართ, ცუდის კეთებას ვაპირებდით და ახლა არ ვაკეთებთ"-ოპოზიცია მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმაურება

საპარლამენტო ოპოზიციის შეფასებით სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილება არის ნაჩქარევი. ოპოზიციაში ამბობენ, რომ თუ ხელისუფლებას სურს მორალურად შეამციროს ბიუროკრატია, მაშინ მნიშვნელოვანია რომ თავდაპირველად დაითვალოს თანხების შემცირება ბიუჯეტში და ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილებები.

გარდა ამისა, ოპოზიცია მიესალმება გადაწყვეტილებას, რომელიც სუს-თან დაზვერვის გაერთიანებას უკავშირდება. რამდენადაც ცნობილია, ეს ორი უწყება აღარ გაერთიანდება და შესაბამისი კანონპროექტი მთავრობამ უკან უკვე გაიწვია. „ევროპულ საქართველოში“ ამბობენ, რომ ამ აღრევასთან დაკავშირებით კრიტიკული დამოკიდებულება თავიდანვე არსებობდა.

„ამ მიმართულებით ხელისუფლებას  ჰქონდა სერიოზული პრობლემა და კრიტიკა არა მხოლოდ ოპოზიციის მხრიდან, არასამთავრობოების მხრიდან, არამედ ასევე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდანაც. ეს ბუნებრივია იყო სერიოზული შეცდომა და სერიოზული აღრევა და ამ მწვავე კრიტიკის ფონზე მათ გადაწყვიტეს, რომ ამ მიმართულებით უკან დაეხიათ,“-განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა.

გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სუს-ს დაზვერვის სამსახური აღარ შეუერთდება „ნაციონალური მოძრაობაც“ ეხმაურება. რომან გოცირიძის განცხადებით ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება უკავშირდება მის სურვილს რომ წარმოჩინდეს კარგად საზოგადეობის წინაშე.

„ატეხა ხმაური ოპოზიციამ, არასამთავრობო სექტორმა  ახლა ამაზე უარი თქვეს და უნდათ, რომ წარმოჩინდნენ ასე ვთქვათ კარგად საზოგადოების წინაშე აი რა კარგები ვართ, რომ ცუდის კეთებას ვაპირებდით და ახლა არ ვაკეთებთ. აი დაახლოებით ასეა. რაც შეეხება სხვა ცვლილებებს, ამას ექნება მხოლოდ მაშინ აზრი თუ მოხდება ქვეყნის დებიუროკრატიზაცია, შემცირდება ხარჯები,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.    

დღის ამბები