22 დეკემბერი 2024,   15:40
ვრცლად
ელექტროშოკი და მორიგი ჩხუბი მოსწავლეებს შორის - პოლიცია რუსთავის ორ სკოლაში მუშაობდა

რუსთავის ორ სკოლაში საპატრულო პოლიცია მუშაობდა. რუსთავი 22-ე სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე კლინიკაში გადაიყვანეს. მიზეზი სკოლაში მომხდარი ჩხუბია, რა დროსაც მოზარდს თანაკლასელმა სცემა, სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მეცხრეკლასელს ზურგში ჩაარტყეს, სუნთქვის უკმარისობის გამო კი მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

მოსწავლეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება, გავრცელებული ინფორმაციით, თანაკლასელი გოგოს გამო დაიწყო. თავდაპირველად, კამათი ორმა მეცხრე კლასელმა საკლასო ოთახში დაიწყო, შესვენების დროს ჩხუბი დერეფანში გაგრძელდა. ფიზიკური დაპირისპირება მოსწავლეებს შორის ჯერ მანდატურმა აღკვეთა, შემდეგ კი სკოლაში საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. დაშავებული მეცხრეკლასელი მშობლის მოთხოვნით, კლინიკაში გადაიყვანეს.

მე-18 საჯარო სკოლაში პოლიციის გამოძახება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ერთ-ერთ მოსწავლეს ელექტროშოკი აღმოუჩინეს. მანდატურის სამსახურმა მეათეკლასელის საქმით დაინტერესება სამართალდამცველებს მას შემდეგ სთხოვა, რაც დაადგინა, რომ სკოლის ეზოში ელექტროშოკით შეიარაღებული მოზარდი გადაადგილდებოდა.

რუსთავის ორივე სკოლაში მომხდარ ფაქტზე საპატრულო პოლიცია მოკვლევას ატარებს, პარალელურად 22-ე სკოლის ინციდენტზე შსს-მ გამოძიება 122-ე, ცემის მუხლით დაიწყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები