სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე ადასტურებს, რომ ის ბაჩო ახალაიას საკანში იმყოფებოდა. "შაბათის კურიერთან" სკანდალურ ინტერვიუში თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, რომ მასთან საკანში იმყოფებოდნენ ანზორ ჩუბინიძე და ირაკლი ღარიბაშვილი, რომლებიც ივანიშვილის მოთხოვნით, გარიგებას სთავაზობდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მიეცა.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი არ აკონკრეტებს თუ რა მიზნით იმყოფებოდა ის მატროსოვის ციხეში ბაჩო ახალაიასთან. თუმცა აღნიშნავს, რომ სააკაშვილზე არ უსაუბრიათ.
ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე თავდაცვის ყოფილ მინისტრთან მატროსოვის ციხეში რამდენჯერმე იმყოფებოდნენ და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ, მას გარიგებას სთავაზობდნენ.
„მას უთხრეს, რომ სანამ ისინი იქნებოდნენ ხელისუფლებაში, არ გათავისუფლდებოდნენ თუ არ გააკეთებდა იმას, რასაც სთხოვდნენ. პირადად ღარიბაშვილი და ჩუბინიძე იყვნენ, ეს არ იყო ერთი ვიზიტი, ისინი რამდენჯერმე იყვნენ შესულები. შეჯიბრებითობის პრინციპით მოქმედებდნენ, იმიტომ, რომ ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვის უფრო გამოუვიდოდა ამ საქმის მოგვარება. ერთი და იგივე მოთხოვნა ჰქონდათ, უღირსი საქციელი რომ ჩაედინა, უღირსი წინადადებები იყო და ღირსეული პასუხებით გავიდნენ ყველა ჯერზე რამდენჯერაც შევიდნენ,“ - განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.
ბაჩო ახალაიას მიერ სკანდალურ განცხადებაზე გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე საუბრობს მისი ადვოკატი. მალხაზ ველიჯანაშვილი აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.