02 მაისი 2024,   03:50
ვრცლად
ეს საქმე უნდა გადაიქცეს პრევენციად, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია - სააკაშვილის საქმის პროკურორი

საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა. პროკურორმა მომხდარს სამწუხარო, თუმცა წმინდა სამართლებრივი ფაქტი უწოდა.

ირაკლი ნადარეიშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემა უნდა გახდეს პრევენცია იმისა, რომ ნებისმიერი პირი, მიუხედავად მისი თანამდებობრივი მდგომარეობისა, კანონის წინაშე თანასწორია.  

“ამ საქმეს აქვს ორი მხარე, ერთი ეს არის ადამიანური მხარე და სამწუხაროა, როდესაც ამ ქვეყნის თუნდაც ყოფილი პრეზიდენტი სასამართლომ დღეს გამოაცხადა დამნაშავედ. როგორც ფაქტი ეს არის ნამდვილად სამწუხარო, მაგრამ არის მეორე - წმინდა სამართლებრივი მხარე და ეს საქმე უნდა გადაიქცეს ერთგვარ პრევენციად. მიუხედავად სახელმწიფო პოლიტიკური პირების იერარქიული მდგომარეობისა, მიუხედავად იმისა, ვის რა უფლებამოსილება და ვის რა თანამდებობა უკავია, უნდა გახდეს პრევენციული მაგალითი იმისთვის, რომ კანონის წინაშე არის ყველა თანასწორი და ხელისუფლების ბოროტად გამოყენების და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის კანონის წინაშე მოხდება ყველას პასუხისგებაში მიცემა,“ - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

კითხვაზე, არის თუ არა საქმე პრეცედენტული, რადგან პრეზიდენტი სააკაშვილი მისი კონსტიტუციური უფლების გამოყენებისთვის გასამართლდა, პროკურორი ამბობს, რომ აღნიშნული კითხვით საზოგადოების შეცდომაში შეყვანა ხდება.

„თქვენ ცდებით და საზოგადოება შეგყავთ შეცდომაში, კონსტიტუციური უფლება არ არის აბსოლუტური უფლება, პრეზიდენტი პასუხისგებაში მიცემულ იქნა, გასამართლებულ იქნა და მას დღეის მდგომარეობით უკვე მსჯავრდებულის სტატუსი აქვს არა შეწყალების გამო, არამედ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო და ეს ორი აბსოლუტურად სხვადასხვა ცნებაა,“ - განაცხადა პროკურორმა.

მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ სცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმე ეხება 179 პატიმრის შეწყალებას, რომელთა შორის სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირები იყვნენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები