20 ნოემბერი 2024,   15:36
ვრცლად
ეს გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფოს დაუბრუნდება ძალიან ცუდად - ზაალ უდუმაშვილი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე განაჩენის გამოცხადებას, საქართველოს მესამე პრეზიდენტის თანაგუნდელები ესწრებოდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი გადაწყვეტილებას უპრეცედენტოს უწოდებს. მისი თქმით, გაასამართლო პრეზიდენტი მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოყენებისთვის, არის სამართლებრივი ნონსენსი.

„ეს არის მორიგი სამართლებრივი ნონსენსი „ქართული ოცნების“ სასამართლოსგან, რადგან საქართველოს პრეზიდენტს გამოუტანეს გამამტყუნებელი განაჩენი იმის გამო, რომ მან შეასრულა კონსტიტუციით მინიჭებული უფლება-მოვალეობები, გამოიყენა ეს უფლება-მოვალეობები. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ და საქართველოს ხელისუფლებას, მთლიანად საქართველოს სახელმწიფოს დაუბრუნდება ძალიან ცუდად უკან ბუმერანგივით,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ხატია დეკანოიძის თქმით, პოლიტიკური მართლმსაჯულება ასრულებს მხოლოდ და მხოლოდ ერთი კაცის - ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას იმიტომ, რომ მას არ სურს მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ტერიტორიაზე იხილოს.

„საქართველოში სასამართლო სისტემა არ არსებობს. საქართველოში სასამართლო სისტემას მართავს არაფორმალური მმართველობა. სამწუხაროდ, ეს იყო ტესტი საქართველოს დემოკრატიისთვის, როდესაც ხელისუფლება ასამართლებს საქართველოს მესამე პრეზიდენტს და სიმართლე გითხრათ, მე მეტის მოლოდინიც არ მქონდა, მაგრამ ეს არის საგანგაშო სიგნალი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის,“ - განაცხადა ხატია დეკანონიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს გიორგი არევაძეს საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის დაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებს "ენმ"-ის კიდევ ერთი წევრი ზურაბ მელიქიშვილი. მისი თქმით, გადაწყვეტილება პოლიტიკურია და მას არანაირი შემხებლობა არ აქვს სამართალთან.

„დღეს ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელმაც ციხიდან გამოუშვა შკრილნიკოვი და ასამართლებს საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს თავისი უფლებამოსილების განხორციელებისთვის,“ - აცხადებს მელიქიშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ მესამე პრეზიდენტის ბრალდების ნაწილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. მოსამართლემ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

საქმე ეხება 179 პატიმრის შეწყალებას, რომელთა შორის სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირები იყვნენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები