18 ნოემბერი 2024,   04:22
ვრცლად
„შეთითხნილი, დადგმული ამბავი“ - უხუცესი სუს-ის მიერ გავრცელებულ ვიდეო კადრებს ეხმაურება

„ჩვენ ეგ ამბავი არ დავიჯერეთ. ეგ იყო შეთითხნილი, დადგმული ამბავი,“- ეს განცხადება პანკისის ხეობის უხუცესმა, პლატო გუნაშვილმა სუს-ის მიერ ვიდეო კადრების გავრცელების შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს სახლში ყუმბარა ჰქონდა და სპეცრაზმმა ამის გამო ესროლა, სიმართლეს არ შეესაბამება. უხუცესები ითხოვენ, რომ გამოძიება ობიექტური და მიუკერძოებელი იყოს.

„ყუმბარა რატომ არ ჩანს. ტელეფონით ელაპარაკებოდა მეგობარს, მაგ დროს შევარდნენ, ტელეფონი დაინახეს, ყუმბარა ეგონათ და მისვლისთანავე ესროლეს. მაგალითად, ადამიანი რომ შევარდება, იარაღს რომ მიუშვერს, რომ ეტყვის, ხელები არ გაანძრიო, ასწიე ხელებიო, ასწევს. ეს პირდაპირ მკვლელი ჩანდა, ეს კაცი ორგანოში არ უნდა მუშაობდეს,“ - განაცხადა პლატონ გუნაშვილმა.

სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული რუსლან ალდამოვის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ამ წუთებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმყოფება. მისი თქმით, მას მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმის მასალები უნდა გადასცენ.

დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი შესაძლოა, სტამბოლში ან ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში გადაიყვანონ. 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა.

ჯანდაცვის სამინისტრო ეძებს კლინიკას, რომელიც პაციენტის მიღებაზე თანხმობას განაცხადებს. მოლაპარაკებებს სხვადასხვა კლინიკასთან ოჯახიც აწარმოებს.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

ამავე თემაზე
დღის ამბები