19 მაისი 2024,   03:46
ვრცლად
ოთარ აბესაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი ოთარ აბესაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს. სასამართლოში გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აბესაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გირაოთი შეეცვალა. მას 10 ათასი ლარის გადახდა მოუწევს. 

„მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც სოლიდარობა გამოიჩინა ჩემს მიმართ. ასევე მინდა ძალიან დიდი ბოდიში ვუთხრა აბსოლუტურად ყველას შექმნილი ძალიან დიდი უხერხულობისთვის და ამ მდგომარეობისთვის. ყველაფერს ზედმიწევნით ვაპირებ შევასრულო, რაც დამაკისრა სასამართლომ. გაგრძელდება პროცესები და ყველაფერს დააკვირდებით თქვენც. დანარჩენ კითხვებს პასუხს ჩემი უფლებადამცველები გასცემენ, ახლა თუ შეიძლება ჩემს ოჯახთან გამიშვით," - განაცხადა აბესაძემ.

სხდომაზე ბრალდებულის უფლებადამცველებმა მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ახალი დასკვნა წარადგინეს, რაც ადვოკატის განცხადებით, აღმკვეთი ღონისძიების არასაპატიმროთი შეცვლის საფუძველი უნდა გამხდარიყო.

ამავე მიზეზით, მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის უფლებადამცველებმა მისი პატიმრობიდან გათავისუფლების შუამდგომლობა აქამდეც რამდენჯერმე დააყენეს, თუმცა უშედეგოდ. 

მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ბრალდების მხარე. 

"სახარბიელო მისი მდგომარეობა არ არის, თუმცა სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახე პატიმრობა შეცვლილიყო, არ იყო. ვინაიდან, ექსპერტიზის დასკვნაში საუბარი იყო ისეთ დიაგნოზზე, რომლის მკურნალობა სავსებით შესაძლებელი იყო პენიტენციური დაწესებულების პირობებში," - განაცხადა პროკურორმა ირაკლი მარშანიამ.

ოთარ აბესაძე 2017 წლის 12 ივლისს დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით, 2017 წლის მაისში მერიის მაღაჩინოსაბი საქართველოს მოქალაქეებს თბილისში, მდინარე მტკვარზე, ტივზე არსებული კაფის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის საჭირო ნებართვების თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურებიდან დაჩქარებული წესით აღებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 3000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.

დღის ამბები