საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკრაინაში ყოფნის კანონიერებაზე სააპელაციო სასამართლო მოსმენას 5 თებერვალს განაახლებს. დაცვის მხარე მიხეილ სააკაშვილისთვის დამატებითი დაცვის საჭიროების მქონე პირის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.
სააკაშვილის ადვოკატებმა მოსამართლეთა კოლეგიის განრიდება მოითხოვეს, რაც მოსამართლეებმა ნაწილობრივ დააკმაყოფილეს და დღევანდელი სასამართლო იმ დრომდე გადაიდო, სანამ ახალი კოლეგია არ განიხილავს განრიდების საკითხს.
მოსამართლეთა სამკაციანი კოლეგიიდან ორი წევრი ისე შეიცვალა, რომ სააკაშვილის ადვოკატებისთვის ამის შესახებ უცნობი იყო.
მიხეილ სააკაშცვილის ადვოკატი, რუსლან ჩერნოლუცკი ამბობს, რომ ისინი მოსამართლეთა აღნიშნულ კოლეგიას უნდობლობას უცხადებენ და მათთვის სრულიად გაუგებარია, რატომ იქნა შეცვლილი ამ კოლეგიის ორი მოსამართლე.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესები მისი უკრაინული პოლიტიკიდან ჩამოშორების მცდელობაა.
„სპეციალურად შეარჩიეს პატარა დარბაზი რომ ხალხი არ შემოეშვათ, მოიყვანეს დიდი რაოდენობით პოლიციელები, შეცვალეს მოსამართლეები იმის ნაცვლად, რომ აგვიხსნან, რა მიზეზით დაამატეს ორი მოსამართლე. წინა მოსამართლეებს შეეშინდათ ხალხის რეაქციის და თავად ითხოვეს შეცვლა, თუმცა მიზეზი არ განუმარტავთ. ვფიქრობ, რომ აქ არანაირი სასამართლო არ იქნება, ეს არის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელმაც უკრაინის ხელისუფლება ჩაიგდო ხელში,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ უკრაინაში სამი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
მიხეილ სააკაშვილის პარტიამ დღეს დაგეგმა ღონისძიება პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, სადაც გააპროტესტებენ უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს და მთავრობის უმაღლესი წევრების მსოფლიოს საუკეთესო კურორტებზე დასვენებას.
ავტორი: ზურაბ ხვისტანი.