20 ნოემბერი 2024,   13:21
ვრცლად
ბაგა-ბაღების საკვებით მომარაგება - „ახალი საქართველო“ პროკურატურას მერიის ტენდერით დაინტერესებისკენ მოუწოდებს

სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველო“ პროკურატურას მიმართავს და მერიის ტენდერით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. საუბარია ტენდერზე, რომელიც ბაგა-ბაღების საკვებით მომარაგებას ეხება.

გიორგი ვაშაძის გუნდში მიაჩნიათ, რომ სატენდერო დოკუმენტი მთლიანად მორგებულია შპს "ნილზე", რადგან საჯარო შესყიდვები დარღვევებით მოხდა. ახალი საქართველო ვიცე მერისა და ბაგების სააგენტოს ხელმძღვანელის დაკითხვას ითხოვს.

„სატენდერო დოკუმენტაციასა და პირობებში აღმოჩნდა ისეთი ფაქტები, რომელიც არის მორგებული პრეტენდენტზე, კერძოდ შპს „ნილზე“ და არის სისხლის სამართლის დანაშაული. ამიტომ მოვითხოვთ, რომ პროკურატურამ და ანტიკორუფციულმა სააგენტომ დაიწყოს გამოძიება ამ მიმართულებით, რადგან დარღვეულია საჯარო შესყიდვების ღიაობისა და კონკურენტუნარიანობის პრინციპები,“ - განაცხადა ”ახალი საქართველოს” გამგეობის წევრმა თეონა ჭალიძემ. 

ბრალდებებს დედაქალაქის მერმა უპასუხა. მისივე თქმით, შპს „ნილმა“ თავდაპირველად ტენდერში გაიმარჯვა, თუმცა მას ტექნიკური ხარვეზების გამო დისკვალიფიაკაცია მიეცა. კახა კალაძის განმარტებით, შპს „ნილთან“ გაფორმებულია ერთ თვიანი ხელშეკრულება, ტენდერში გამარჯვებული ახალი კომპანიის გამოვლენამდე.

„ტენდერი, რომელიც იყო გამოცხადებული, გაიმარჯვა კომპანია „ნილმა“ იმიტომ, რომ ჰქონდა ყველაზე დაბალი ფასი. თუმცა, სატენდერო კომისიამ მას დაუდგინა ტექნიკური ხარვეზები და მისცა დისკვალიფიკაცია, ანუ ტენდერი არ შედგა. იმისთვის, რომ ბაღებში  კვება შესულიყო და ბავშვებს მომსახურებოდნენ, გაფორმდა ერთ თვიანი ხელშეკრულება კომპანია „ნილთან“. შესაბამისად, ტენდერი გამოცხადებულია და დღედღეზე გვეცოდინება ვინ არის გამარჯვებული კომპანია,“ - აცხადებს კახა კალაძე.

დღის ამბები