„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის იმ კომენტარს ეხმაურება, სადაც მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ უკრაინას საქართველოსთვის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმის სრულყოფაში მონაწილება არ შეუთავაზებია.
"ენმ"-ის ლიდერები ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება იგნორირებას უკეთებს საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებს.
„მრავალი წელია ვამბობთ იმას, რომ საქართველო უნდა შეუერთდეს სანქციებთან დაკავშირებულ საკითხებს, იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ ძალიან სერიოზული წნეხის შენარჩუნება რუსეთზე. რაც შეეხება ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემას, სამწუხაროა, ამ პოზიციის იგნორირება ხდებოდა წლების მანძილზე. დღეს უკვე ვხედავთ, რომ სხვა სახელმწიფოს მეთაური ეუბნება იგივეს ქართულ მხარეს, რომ ეს აუცილებელია საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დასაცავად, მაგრამ ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება იგნორირებას უკეთებს, როგორც საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებს, ასევე მსგავს შეთავაზებას,“ - განაცხადა "ენმ"-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა.
19 იანვარს გამართულ შეხვედრაზე, უკრაინულმა მხარემ, საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმის სრულყოფაში მონაწილება და ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხის დამატება შესთავაზა.
დღეს კი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ თქვა, რომ ეს არ იყო შეთავაზება.