20 ნოემბერი 2024,   13:23
ვრცლად
დარღვევები საზოგადოებრივ მაუწყებელში - საპარლამენტო ოპოზიცია აუდიტის დასკვნის განხილვისთვის მზადაა

საპარლამენტო ოპოზიცია საზოგადოებრივ მაუწყებელში აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილ ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით პარლამენტში განხილვისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. ისინი აცხადებენ, რომ ამ განხილვის შემდეგ საზოგადოებრივ მაუწყებელში ძირეული ცვლილებები უნდა განხორციელდეს.

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აუდიტის დოკუმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ახალი კანონი მაუწყებლის შესახებ, რომელიც რეკლამის განთავსებას ეხება, არ უნდა მიიღონ.

მათი თქმით, პრეზიდენტის ვეტო არ უნდა დაძლიოს პარლამენტმა.

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ მაუწყებლის შესახებ კანონის ახალ ვარიანტში უფრო მეტი უფლებები ენიჭება დირექტორატს. მისი თქმით, ახალი კანონი შესყიდვებთან დაკავშირებით საზოგადოებრივ მაუწყებელს მეტ დამოუკიდებლობას ანიჭებს.

„რეალურად, ტელევიზია ხდება უმართავი, მათ შორის, იმ ახალი ფინანსური ცვლილებებით, როცა შესყიდვები არ იქნება გაკონტროლებული ასევე, ამ ახალი კანონით და ისევე, როგორც სამეთვალყურეო ფუნქციები სუსტდება,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრი, სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა მოახდინა საზოგადოებრივი მაუწყებლის "ჯიდიესიზაცია".

„ეს ტელეარხი, სამწუხაროდ, გახდა პირდაპირი რუპორი ხელისუფლების და როგორც ჩანს, ელემენტარული კონტროლის მიღმა არის გასული,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, აუდიტის სამსახურის გამოქვეყნებულ დოკუმენტს პარლამენტში შეისწვალიან.

„გავლენას რაც შეეხება, პირდაპირი კავშირი აუდიტის დასკვნასა და ვეტოს დაძლევას შორის ბუნებრივია, არ არსებობს, თუმცა, პოლიტიკურ გავლენას მოახდენს თუ არა ინდივიდუალური წევრების გადაწყვეტილებაზე, ეს ჩემთვის რთული სათქმელია,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. 

დღის ამბები