თბილისის მერია ბოლო დღეებში ძაღლების დახოცვასთან დაკავშრებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. დედაქალაქის მერის მოადგილის თქმით, უწყების დაქვემდებარებაში მყოფი არც ერთი სამსახური თბილისში მომწამლავი ნივთიერების გავრცელებას არ ახორციელებდა.
მაია ბითაძის განცხადებით, ცხელ ხაზზე მხოლოდ ერთი ზარი იყო შემოსული, რის საფუძველზეც გუშინ დილიდან „თბილსერვისის“ შესაბამისი ბრიგადების გამოკითხვა მოხდა და მომწამლავი ნივთიერების გავრცელების ფაქტი არ დადასტურდა.
„ვარაუდი იყო ასევე, რომ მერიის სამსახურები ახდენდნენ გარკვეული ნივთიერებების მოყრას, რაც რეალობას არ შეესაბამება, იმიტომ, რომ ამგვარი ღონისძიებები არც ფუნქციურად, არც საბიუჯეტო დაფინანსებით, არც რეგულარულად და არც ინდივიდუალურად არ ხორციელდება,“ - განაცხადა მაია ბითაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქის რამდენიმე უბანში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სულ 10-მდე ძაღლია მკვდარი.