საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციაში შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივას ეხმაურებიან. გიორგი გახარიას ინიციატივის მიხედვით კანონში, რომელიც ქურდულ სამყაროს ეხება, ცვლილებები იგეგმება, კონკრეტული დანაშაულებებისათვის მკაცრდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და ასევე, ახალი ტერმინები დაემატება.
პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი, გიორგი ტუღუში კანონში შესატან ცვლილებებს მიესალმება, თუმცა აღნიშნავს, რომ ამას რეალური შედეგებიც უნდა მოჰყვეს.
„5 წლის თავზე, როდესაც უკვე ისინი ხელისუფლებაში არიან და ხედავენ, რომ სტატისტიკაც გაუარესდა და რეალურად კრიმინალი იზრდება, მათ შორის, მძიმე დანაშაული, ისინი გამოდიან ინიციატივით, რომ ახლა შეიტანონ და გააძლიერონ ეს მიმართულება სისხლის სამართლის კანონმდებლობაში... ეს კანონი პრაქტიკაში თუ არ აღსრულდება პრობლემა კიდევ უფრო გაღრმავდება,“ - განაცხადა ტუღუშმა.
პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი აღნიშნავს, რომ კანონში ცვლილებები ევროპელი მეგობრების შეშფოთების შედეგია.
„საქართველოს არ სჭირდება დღეს ახალი კანონმდებლობა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისთვის, სჭირდება კანონის შესრულება და სჭირდება ხელისუფლება, რომელსაც არ ექნება კავშირები ორგანიზებულ დანაშაულთან, როგორც ეს არის „ქართული ოცნების“ შემთხვევაში,“ - განაცხადა სამადაშვილმა.
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივას მხარს დაუჭერენ.
ავტორი: ნინო გაზდელიანი.