მმართველი გუნდის მიერ გიორგი მარგველაშვილის კრიტიკას ოპოზიცია პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებად აფასებს. ოპოზიციის წევრების თქმით, „ქართული ოცნება“ მარგველაშვილის დაშინებას ცდილობს.
"ეს არის პრეზიდენტის მორიგი შანტაჟი, დაშინება, რომ მან არ გამოიყენოს საკუთარი კონსტიტუციური უფლებები, თუნდაც შეწყალების, ვეტოს უფლება. ეს არის მორიგი მცდელობა პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებისა. პრეზიდენტი უნდა იყოს მორჩილი და ეს არის გაფრთხილება მომავალი პრეზიდენტისადმი, რომ დღევანდელი ხელისუფლება არ დაუშვებს თვითნებობას, თავნებობას და პრეზიდენტმა არ უნდა შეუშალოს ხელი მათ არაკანონიერი პოლიტიკის წარმოებაში,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.
ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ შემაშფოთებელია.
„ქართული ოცნებისა“ და მათი ხელმძღვანელების მხრიდან პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებით ჩვენ ვხედავთ ძალიან შემაშფოთებელ დამოკიდებულებას, არა კონკრეტულად მარგველაშვილთან, არამედ ინსტიტუტის მიმართ ბოლო წლების განმავლობაში,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ.