„ქართული ოცნების“ ორდღიან პოლიტიკურ შტურმს თავად პრეზიდენტმა უპასუხა. პოლიტიკური ბრალდებების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა „ქართული ოცნება“ მის წინააღმდეგ შავი PR-ის აგორებაში დაადანაშაულა.
დაპირისპირებული მხარეების პოლიტიკურ ბრალდებებში დღეს მთავარი ფრაზა საარჩევნო კამპანია იყო. ორივე პოლიტიკური ბანაკი ერთმანეთს არჩევნებამდე 9 თვით ადრე, არაფორმალური საარჩევნო კამპანიის დაწყებაში ადანაშაულებდა.
საპარლამენტო უმრავლესობაში დარწმუნებულები არიან, რომ პოლიტიკურ განცხადებებით გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ თამაშს თამაშობს.
მარგველაშვილი ამ დრომდე არ ამბობს, მიიღებს თუ არა მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში.
მმართველ გუნდში პრეზიდენტის ნებას, გაუმარტივო შეწყალების პროცედურები არაძალადობრივი დანაშაულისთვის გასამართლებულ პირებს, ამომრჩეველთა ხმებზე ნადირობად აფასებენ.
კიდევ ერთი განაცხადი, რომლითაც პრეზიდენტმა საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა, ე.წ. გირგვლიანის შესწორებებს ეხება. ქვეყნის პირველი პირი მმართველ პარტიას ურჩევს, სახელმწიფო უწყებებიდან ყველა ის პირი გაუშვას, ვისაც ამ საქმესთან კავშირი ჰქონდა.
ქვეყნის პირველი პირისა და მმართველი პარტიის დაპირისპირებას ოპოზიცია პრეზიდენტის ინსტიტუტზე შეტევის მორიგ მცდელობად აფასებს.
საპრეზიდენტო არჩევნებამდე 9 თვე რჩება. უმრავლესობაც და ოპოზიციაც თავიან საპრეზიდენტო კანდიდატებს, სავარაუდოდ, ზაფხულში დაასახელებენ. "კურიერის" ინფორმაციით მმართველ პარტიაში საპრეზიდენტო კანდიდატის შესარჩევად მსჯელობა უკვე დაწყებულია. ყველა ჯგუფს თავისი ფავორიტი ჰყავს.