საკრებულოში ორი კომისიის სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა. ურბანული და ტრანსპორტის კომისიების გაერთიანებულ სხდომა მეტროსადგურ „ვარკეთილში“ განვითარებულ მოვლენებს შეეხებოდა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკრებულოს საგანგებო სხდომის დანიშვნა მოითხოვა, თუმცა, უმრავლესობის მხრიდან უარის შემდეგ პარტიის წევრებმა სხდომა დატოვეს.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს თავმჯდომარე რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე უარის გამო გააკრიტიკა.
„საერთოდ არ მგონია, რომ სასაცილო იყოს, როცა ოპოზიციასთან კონსტრუქციულობაზე საუბრობთ და რიგგარეშე სხდომას მაშინ ნიშნავთ, როცა ხელფასების მომატებაზეა საუბარი ან ბიძინა ივანიშვილის მიწის გადაცემაზე,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ირაკლი ნადირაძე მმართველ გუნდს გულგრილობაში ადანაშაულებს.
„ისინი ერთ დღეში ნიშნავენ რიგგარეშე სხდომებს, როდესაც საქმე ბიძინა ივანიშვილისთვის მიწების ერთ ლარად გადაცემას ეხება, ხოლო მათ არ ჩანიშნეს რიგგარეშე სხდომა, როდესაც თბილისელებს თავზე ჩამოენგრათ ვარკეთილში მეტროს ჭერი და ამით კიდევ ერთხელ გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება ჩვენი მოქალაქეების,“ - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბექა დავითულიანი აცხადებს, ოპოზიციის მიზანს „პოლიტიკური სპექტაკლის“ დადგმა წარმოადგენს.
სხდომაზე იმყოფებოდა თბილისის მერი, კახა კალაძე და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი, მამუკა კობახიძე.