სასჯელაღსრულებისა და თავდაცვის სამინისტროებში ჩატარებული აუდიტი პარლამენტში განხილვის თემა გახდა. გრიფით "საიდუმლო" დოკუმენტზე ნდობის ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს. დასკვნა 2015-2016 წლებს მოიცავს.
ოპოზიცია უწყებებში სისტემურ პრობლემებზე და თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს.
საპარლამენტო უმცირესობის მდივანი, ფრაქცია ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის წევრის, ირაკლი აბესაძის, თქმით, ნდობის ჯგუფზე გენერალურ აუდიტორთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა.
„მნიშვნელოვანია, რომ წლების წინ დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით მოვისმინოთ დღევანდელი თავდაცვის მინისტრის მოსაზრებები,“ - აცხადებს აბესაძე.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას, თქმით, 2013 წლამდე ამ უწყებებში მძიმე დარღვევები არსებობდა საიდუმლო შესყიდვების თუ ტენდერების კუთხით.
„შედარებითი ანალიზი ცხადყოფს, რომ არის მნიშნელოვანი პროგრესი. ეს რეკომენდაციები სრულდება, ამიტომ არცერთ შესყიდვასთან დაკავშირებით, ეს კითხვა რაც დავსვით ჩვენ, დანაშაულის ნიშნები არცერთი შესყიდვის ნაწილში არ იკვეთება,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.
გენერალური აუდიტორის, ირაკლი მექვაბიშვილის, თქმით, ნდობის ჯგუფში განხილვა შესყიდვების და ფინანსურ ნაწილს შეეხებოდა, რომელსაც გრიფით საიდუმლო ადევს.
ირაკლი მექვაბიშვილის თქმით, შეხვედრა პროდუქტიული იყო და ყველა საკითხზე განხილვა კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა.