თბილისის 33-ე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესის გაგრძელება ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი. საბავშვო ბაღის შენობას ბზარები აქვს, დაშვებულია სამშენებლო შეცდომები და ასევე, ეზოში არის ინფრასტრუქტურული ხარვეზები.
რამდენიმე თვის წინ გახსნილი საბავშვო ბაღი თბილისის მერმა დაათვალიერა.
კახა კალაძის თქმით, დღესვე იმ სამშენებლო კომპანიასთან, ვინც სამუშაოები ჩაატარა, შეხვედრა გაიმართება.
ასევე ცნობილია, რომ კომპანია დედაქალაქში კიდევ ორი ბაღს აშენებს და თბილისი მერის განმარტებით ეს სამუშაოებიც დროებით შეჩერდება.
„შეუძლებელია, ჩვენ თავი დავუხაროთ ასეთ მშენებლობებს და ასეთ ხარისხს, რაც გვაქვს მიღებული. მომდევნო წლების განმავლობაში ძლიან დიდი ყურადღება დაეთმობა ხარისხიან მშენებლობებს. მე მესმის, რომ თავიდან შეიძლება, პრობლემები იყოს, მოგვიწევს ბრძოლა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გადავტეხავთ. არანაირი დათმობა არ იქნება ამ მიმართულებით, მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება პატარებს, საქმე ეხება მშენებლობას, აქ ვიქნებით ძალიან უკომპრომისოები,“ - განაცხადა კალაძემ.
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი, კახა გვანცელაძე, აცხადებს, რომ მშობლებს შეატყობინებენ საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესის გაგრძელებასთან დაკავშირებით.
თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანი, აცხადებს, რომ მშენებელ კომპანიას აქვს ვალდებულება დაშვებული ხარვეზების გამოსწორების.