20 ნოემბერი 2024,   13:12
ვრცლად
„ქართული ოცნების“ ყოფილი აქტივისტის დაკავების საქმეში ირაკლი სესიაშვილის ფარული ჩანაწერი ფიგურირებს

კურიერის ინფორმაციით, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი, იმ აუდიოჩანაწერში ფიგურირებს, რომელიც მმართველი გუნდის ყოფილი მხარდამჭერის, გოგიტა დალაქიშვილის, დაკავების საფუძველი გახდა.

აუდიომასალაში, რომელიც ახლა პროკურატურას საქმის მასალებში დალაქიშვილის წინააღმდეგ უდევს, კურიერის ინფორმაციით, ერთმანეთს სამშენებლო კომპანია სალვუს დეველოპმენტის დამფუძნებელი და ირაკლი სესიაშვილი ესაუბრებიან.

კურიერის წყაროს ცნობით, აუდიომასალა 2017 წლის ნოემბრით თარიღდება. ეს ის პერიოდია, როდესაც კომპანია სალვუს დეველოპმენტის მფლობელმა ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნები ბიზნესის წართმევის მცდელობაში დაადანაშაულა.

წყარო ამტკიცებს, რომ საუბრის დროს გიორგი სოზაშვილი მისი შვილის ნათლიას - ირაკლი სესიაშვილს, დახმარებას სთხოვს და უყვება, როგორ ხორციელდება მასზე ზეწოლა.

კურიერის ინფორმაციით, აუდიოჩანაწერში გიორგი სოზაშვილი ირაკლი სესიაშვილს შატბერაშვილი ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობაზეც ესაუბრება. უსახელებს კონკრეტულ გვარებსაც შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ვინც მის ბიზნესსაქმიანობაში უხეშად ერევა და ზეწოლას ახდენს, მათ შორის საუბარია საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის, ალექსანდრე ხვადაგიანის, ძმაზეც.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე დღეს ვერც გიორგი სოზაშვილს და ვერც მასთან საუბარს იხსენებს. თუმცა, რამდენიმე დღის წინ კურიერისთვის მიცემულ ინტერვიუში სალვუს დეველოპლენტის დამფუძნებელთან ნათესაურ კავშირს ადასტურებდა.

როგორ მოიპვა გიორგი სოზაშვილის ბინიდან საუბრის ჩანაწერი გოგიტა დალაქიშვილმა, ამ კითხვაზე პასუხი არც მისი ინტერესეის დამცველს არა აქვს. 

დღის ამბები