ევროპარლამენტარებმა საქართველოს ხელისუფლებას ყვითელი ბარათი უჩვენეს - ბრიუსელი თბილისს აფრთხილებს, რომ, თუ მუსტაფა ემრე ჩაბუქს თურქეთს გადასცემს, მაშინ საკუთარ ავტორიტეტს დიდი დარტყმის ქვეშ დააყენებს.
თბილისის დემირელის კოლეჯის თურქი მასწავლებლის საქმემ ევროპარლამენტამდე მიაღწია. თურქი მასწავლებელი გლდანის ციხეში ზის. მის გადაცემას ოფიციალური ანკარა ითხოვს და ამტკიცებს, რომ ჩაბუქს იმ დაჯგუფებასთან ჰქონდა კავშირი, რომელიც თურქეთში კანონიერი ხელისუფლების დამხობას გეგმავდა.
საქართველომ ჩაბუქს დევნილის სტატუსზე უარი უთხრა და პრაქტიკულად პირველი ნაბიჯი გადადგა პედაგოგის ექსტრადირებისკენ.
გავლენიანი ევროპელი პოლიტიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ თურქეთის ციხეში ჩაბუქს წამება და არაადამიანური მოპყრობა ემუქრება.
კურიერთან ევროპარლამენტარები ჩაბუქის საქმეზე საუბრობენ. რებექა ჰამსს არ სჯერა თურქეთის მიერ ჩაბუქისთვის წაყენებული ბრალის და სწორედ ამიტომ ცდილობს საქართველოს ხელისუფლების დარწმუნებას, რომ ჩაბუქი გადაარჩინოს, მასთან ერთად კი ქვეყნის რეპუტაციაც.
ჩაბუქის ბედი ახალა საქართველოს მთავრობის ხელშია, ამიტომ ვიდრე შედეგი დადგება და თურქი მასწავლებელი თურქულ ციხეში აღმოჩნდება, ბრიუსელი ცდილობს, პროცესი გააჩეროს.
ევროპარლამენტის რეზოლუციაში ხელისუფლება, აფგან მუხთარლის საქმის გამო, მწვავედ გააკრიტიკეს, თუმცა, ბრიუსელში აანონსებენ, რომ ჩაბუქის თურქეთისათვის გადაცემის შემთხვევაში, რეაქცია უფრო მწვავე იქნება.
ევროპარლამენტართა ჯგუფი თბილისში მომავალ კვირა ჩამოდის. საქართველოს მთავრობასთან საუბრის მთავარი თემა მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმე იქნება.