20 ნოემბერი 2024,   13:14
ვრცლად
კანონი ე.წ. "კანონიერი ქურდების" წინააღმდეგ - შს მინისტრის მოადგილის ერთ დღეში გაკეთებული ორი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების დასჯა და განსახორციელებელი ცვლილებები ორგანიზებულ დანაშაულთან მიმართებაში - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის, მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულმა კომენტარმა დიდი გაუგებრობა გამოიწვია.

მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების დასჯა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი გამოძიებით დადასტურდება, რომ ამ ადამიანებს რაიმე ფორმით გავლენა აქვთ მოხდენილი საქართველოში დანაშაულებრივ საქმიანობაზე ან მონაწილეობა აქვთ მიღებული, თუნდაც, ელექტრონული კომუნიკაციით რაიმე დანაშაულში.

„დააკავებენ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვექნება იმის მტკიცებულებები, რომ ამ ადამიანებს საქართველოს ტერიტორიაზე რაიმე ფორმით დანაშაულში მონაწილეობა აქვთ მიღებული. მტკიცებულებების გარეშე ხომ ვერ დავაკავებთ ადამიანებს? თუ ასეთ ადამიანებს აქვთ სტატუსი და შესაბამისად, არსებობს მტკიცებულებები, რომ რაიმე ფორმით დანაშაულთან შემხებლობაში ეს ადამიანები იმყოფებიან, ასეთ შემთხვევაში სათანადო სამართლებრივი რეაგირება მოხდება,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

თუმცა, ამ გაუგებრობის შემდეგ ნათია მეზვრიშვილმა კომენტარი შეცვალა და დამატებითი განმარტებები გააკეთა.

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, კანონიერი ქურდის მიერ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში სამართალდამცავები მას დააკავებენ.

„კანონპროექტით არაფერი შეცვლილა ქურდული სამყაროს წევრის და კანონიერი ქურდის მიერ საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში დაკავებასთან დაკავშირებით. როგორც კი ეს პირები გადმოკვეთენ საქართველოს სახელმწიფო საზღვარს, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დაუყოვნებლივ მოხდება მათი დაკავება. ერთი სიტყვაც ამ მხრივ კანონპროექტში შეცვლილი არ არის. უფრო მეტიც, მთელი რიგი მიმართულებებით ეს კანონპროექტი ითვალისწინებს გაცილებით უფრო მკაცრ მიდგომებს, ვიდრე დღეს მოქმედი კანონით არის ეს გათვალისწინებული. მაგალითად, ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობისთვის სანქციები იზრდება 15 წლამდე ვადით,“ - განაცხადა მეზვრიშვილმა.

შს მინისტრის მოადგილემ ასევე, აღნიშნა, რომ გარკვეული ქმედებები, რომლებიც დღეს დანაშაულს არ წარმოადგენს, მომავალში დანაშაულად გამოცხადდება.

„ფართოვდება იმ ქმედებების წრე, რომელიც დანაშაულად იქნება მიჩნეული. მაგალითად, დანაშაული იქნება ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა - საკმაოდ მკაცრი სანქციით, დანაშაული იქნება ნებისმიერი პირის მიერ ქურდული შეკრების ორგანიზება და ამგვარ შეკრებაში მონაწილეობა და დანაშაული იქნება ქურდული სამყაროს და კანონიერი ქურდის, ასევე, ქურდული სამყაროს საქმიანობის ნებისმიერი ფორმით მხარდაჭერა: ეს იქნება ფიზიკური მხარდაჭერა, ეს იქნება ფინანსური მხარდაჭერა თუ ა.შ. ანუ, მთელი რიგი მიმართულებებით კანონმდებლობა გაცილებით უფრო მკაცრი გახდება ვიდრე ეს არის დღეს მოქმედი კანონი,“ - აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.

 

 

 

დღის ამბები