20 ნოემბერი 2024,   13:40
ვრცლად
პოლიტიკური ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების გარეშე ბრძოლა ვერ დაიწყება - მურთაზ ზოდელავა შს მინისტრის ინიციატივას ეხმაურება

„თუ ახლა ხელისუფლება თვლის, რომ მათ უნდა დაიწყონ ბრძოლა კანონიერ ქურდებთან, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი უნდა გადაეწყონ, მათ ამის რესურსი აქვთ,“ - ეს განცხადება უკრაინაში ევროკავშირის რეფორმების ექსპერტმა, მურთაზ ზოდელავამ, შს მინისტრის ინიციატივის საპასუხოდ გააკეთა.

გიორგი გახარიას ინიციატივით, ორგანიზებულ დანაშაულთან მიმართებაში კანონი რიგ მიმართულებებში მკაცრდება.

მურთაზ ზოდელავა აცხადებს, რომ ამ ცვლილებებისთვის შინაგან საქმეთა სამინსიტროს საკმარისი რესურსი გააჩნია.

„პოლიტიკური ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების გარეშე ბრძოლა ვერ დაიწყება, ბრძოლას მოჰყვება მსხვერპლი, ბრძოლას მოჰყვება გარკვეული დანაკარგები იმიტომ, რომ პოლიტიკური ხელმძღვანელობა ქურდულ სამყაროსთან მოლაპარაკება-დალაგების ფარგლებშია,“ - განაცხადა ზოდელავამ.

ზოდელავას თქმით, დღეს მმართველ გუნდში არიან ისეთი პირები, რომლებიც ქურდულთან მიახლოებული ტერმინებით საუბრობს, რაც ამომრჩეველზეცაა გათვლილი.

მურთაზ ზოდელავა აცხადებს, რომ 2012 წლის შემდეგ ლმობიერი დამოკიდებულებაც გაჩნდა ე.წ. "კანონიერ ქურდებთან" მიმართებაში.

ის ბაჩო ახალაიას საქმეში ქურდული სამყაროს წევრების მიერ მიცემულ ჩვენებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათ ჩვენებების მიცემა, ზოგადად, ეკრძალებათ.

მან ასევე არნიშნა, რომ ქურდული სამყაროს წევრების გამოყენება საარჩევნო პერიოდშიც ხდება.

ზოდელავა ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება თუ სერიოზულად ბრძოლას გადაწყვეტს, მაშინ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ გარეთაც უნდა ებრძოლოს.

„თუ უნდა ებრძოლონ, ყველგან უნდა ებრძოლონ და ამას უნდა ასხივებდნენ, მინისტრი უნდა ასხივებდეს ამას, ყველა მაღალი თანამდებობის პირი უნდა ასხივებდეს ამას, რომ მერე რიგითმა პოლიციელმაც თავის ტვირთი აიღოს,“ - განაცხადა ზოდელავამ.

დღის ამბები