ბრიუსელში დღეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა ჩატარდება. შეხვედრას სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, საქართველოს პრემიერმინისტრი დაესწრება. გიორგი კვირიკაშვილი უკვე ბრიუსელში იმყოფება.
საბჭოს რიგით მეოთხე შეხვედრაზე განიხილება ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების მხრივ მიღწეული პროგრესი.
„2017 წლის წარმატებულმა რეფორმებმა და თანამშრომლობამ შესაძლებელი გახადა, კიდევ უფრო მეტად ამბიციური ნაბიჯების გადადგმა რეფორმების კუთხით. სწორედ ამიტომ, საქართველოს პრემიერმინისტრმა დაანონსა და განაცხადა, რომ ჩვენ ვიმუშავებთ საგზაო რუკაზე, რომელიც კიდევ უფრო მეტი ინტეგრაციისკენ იქნება მიმართული,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ.