20 ნოემბერი 2024,   13:36
ვრცლად
კიევის სააპელაციო სასამართლო მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ყოფნის კანონიერებაზე მოსმენას განაახლებს

კიევის სააპელაციო სასამართლო დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკრაინაში ყოფნის კანონიერებაზე მოსმენას განაახლებს. დაცვის მხარე მიხეილ სააკაშვილისთვის დამატებითი დაცვის საჭიროების მქონე პირის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.

„დღევანდელი სასამართლო პროცესი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან თუ სასამართლო გადაწყვეტს, რომ მიხეილ სააკაშვილს არ სჭირდება უკრაინის ტერიტორიაზე დამატებითი დაცვა, ამან შესაძლოა, ხელები გაუხსნას პროკურატურას და იუსტიციის სამინისტროს და ამ უწყებებმა მისი ექსტრადაციის პროცესი დაიწყონ,“ - განაცხადა ადვოკატმა, პაველ ბოგომაზოვმა.

სასამართლომ სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურს დაავალა, წარმოადგინოს მასალები, რომელთა საფუძველზეც სააკაშვილს ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის საჭიროების მქონე პირის სტატუსის მიღებაზე უარი ეთქვა.

მიხეილ სააკაშვილის მიერ საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვა ადგილობრივი დროით დილის 10 საათზე დაიწყება.

დღის ამბები