„თურქეთში არსებული მდგომარეობა გვაფიქრებინებს, რომ ძალიან მაღალია რისკი, რომ იგი დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ მოპყრობას და ვერ ისარგებლებს სამართლიანი სასამართლოს უფლებით,“ - ეს განცხადება "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურიდიული დახმარების ცენტრის კოორდინატორმა, ნონა ქურდოვანიძემ მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.
საქართველოს პროკურატურა მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირებას იწყებს და საქალაქო სასამართლოს წინადადებით მიმართავს, რომ დემირელის სკოლების მენეჯერი თურქულ მხარეს გადაეცეს. დაცვის მხარე ყველანაირი სამართლებრივი შესაძლებლობის გამოყენებას აპირებს, რათა ჩაბუქის ექსტრადიცია არ დაუშვას.
სასამართლოს მეგობრის სტატუსით „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მიმართავს და სასამართლოს იმ არგუმენტაციას წარუდგენს, რის საფუძველზეც, ქვეყანას არ შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება პირის ექსტრადირების თაობაზე.
„ზოგადად, საქმეში არსებული გარემოებები აჩენს ეჭვს იმისას, რომ ამ საქმეში სამართლებრივ არგუმენტებთან შედარებით, უფრო მაღალია პოლიტიკური მოტივაცია თურქული მხარის მიერ,“ - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.