პარლამენტი საგაზაფხულო სესიისთვის ემზადება. უკვე ცნობილია, რომ საქართველოს პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით საკანონმდებლო ორგანოში, პირველივე სხდომაზე არ მივა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონპროექტის შესახებ კი, გიორგი მარგველაშვილის შენიშვნებს დეპუტატები მომდევნო სასესიო კვირაში განიხილავენ. წინასწარ ცნობილია, რომ „ქართული ოცნება“ ვეტოს დასაძლევად ემზადება.
დეპუტატების დღის წესრიგის შესახებ ბიუროს სხდომაზე იმსჯელებენ.
„ამ სესიაზე ჩვენ არ გვექნება ვეტოს განხილვა, მომდევნო სესიაზე ვაპირებთ და არ გვექნება არც პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიში. როგორც ცნობილია, წესით უნდა იხსნებოდეს საგაზაფხულო სესია პრეზიდენტის მოხსენებით, თუმცა ჩვენ ველოდებით თავად პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან თარიღების შესახებ მათ ინიციატივას,“ - განაცხადა ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა თამარ ჩუგოშვილმა.
განცხადება გააკეთა პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრმა სერგო რატიანმა.
„ჩვენ გვაქვს არა ერთი ინიციატივა, მათ შორის არის საგამოძიებო კომისია, რომელიც ეხება მუხთარლის საქმის გამოძიებას, ასევე ვანო მერაბიშვილის საქმის გამოძიება,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.