პარლამენტი მანდატურების უფლებების გაზრდის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობას იწყებს. კანონში ცვლილებებს დეპუტატები დღეს განათლების კომიტეტში განიხილავენ. ინიციატივის მიზეზი, მოზარდებს შორის გახშირებული სისხლიანი გარჩევები გახდა.
სიახლე მანდატურს უფლებას მისცემს, იმოქმედოს სკოლის გარე პერიმეტრზეც და კონტროლზე აიყვანოს მაღალი რისკის მქონე მოზარდები. ამასთან, სკოლების შიდა და გარე პერიმეტრი კამერებით აღიჭურვება.
„კანონპროექტი მიზნად ისახავს, საგანმანათლებლო გარემოს უსაფრთხოების გაძლიერებას, მანდატურის სამსახურის როლის გაზრდას, როგორც საგანმანათლებლო პროცესში, ასევე საგანგებო სიტუაციებისთვის მზადების პროცესში. ძალიან ბევრი დადებითი ელემენტია აღნიშნულ კანონპროექტში,“ - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა.
მანდატურის უფლებების გაზრდის შესახებ შეფასება გააკეთა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა მარიამ გერსამიამ.
„ის, რომ დღეს ხელისუფლებამ დღის წესრიგში დააყენა მანდატურის ინსტიტუტის აღდგენა და განვითარება, ვისურვებდი, რომ იყოს გაკვეთილი ხელისუფლებისთვის, რომ მომავალში განათლების სექტორთან და იმ საკითხებთან მიმართებით, რომლებიც ჩვენი შვილების უსაფრთხოებას და განვითარებას ეხება, იყოს უფრო თანმიმდევრული,“ - აღნიშნა მარიამ გერსამიამ.
განცხადება გააკეთა პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრმა სერგო რატიანმა.
„ფაქტობრივად, „ქართულმა ოცნებამ“ აღიარა, რომ 5 წლის განმავლობაში ჩამოშლილა სკოლაში უსაფრთხოების სისტემა. აუცილებელია, რომ სკოლის ავტონომია და სკოლა იყოს ძლიერი,“ - აღნიშნა სერგო რატიანმა.