20 ნოემბერი 2024,   13:28
ვრცლად
პარლამენტის თავმჯდომარე შეერთებულ შტატებში ვიზიტს განაგრძობს

პარლამენტის თავმჯდომარე შეერთებულ შტატებში ვიზიტს განაგრძობს. ირაკლი კობახიძე უკვე შეხვდა მარშალის ფონდში ექსპერტებსა და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ხელმძღვანელობას. 

მოგვიანებით კი, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველ მოადგილესთან, ელიზაბეთ მილარდთან პირისპირ საუბარი შედგა.

პარლამენტის სპიკერი შეხვედრებს განაგრძობს სენატსა და კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში. ვაშინგტონში ვიზიტის დროს დაგეგმილია საჯარო გამოსვლა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტშიც.

„ვიზიტის ფარგლებში შევხვდებით კონგრესის ქვედა პალატის სპიკერს, ასევე კონგრესმენებს, სენატორებს, ასევე გვექნება შეხვედრები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. იქნება საუბარი პირველ რიგში ჩვენ ორ მხრივ თანამშრომლობაზე, სტრატეგიულ პარტნიორობაზე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. ასევე, ჩვენს კოლეგებს და მეგობრებს გავაცნობთ საქართველოში მიმდინარე პროცესებს,“ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ხაზგასმა მნიშვნელოვანია.

„გასულ წელს გვქონდა საკმაოდ მნიშვნელოვანი შედეგები, რომელიც ასევე უნდა გამყარდეს 2018 წელს,“ - აღნიშნა ბაქრაძემ.

განცხადება გააკეთა ”საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ პრეზიდენტმა დენ თუინინგიმ.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობაზე სხვადასხვა სფეროში. იმ სამუშაოს შესახებ, რასაც საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი ახორციელებს საქართველოში ჩვენი პარტნიორების, ყველა პოლიტიკური მხარის, მათ შორის ოპოზიციაში ჩვენი მეგობრების მხარდასაჭერად,“ - განაცხადა დენ თუინინგიმ.

დღის ამბები