20 ნოემბერი 2024,   13:16
ვრცლად
მეტროში ჩამონგრეული ჭერი - საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა. ოპოზიციის მოთხოვნაზე უმრავლესობამ უარი თქვა და შესაბამისად, მეტროსადგურ "ვარკეთილში" ჭერის ჩამონგრევის მიზეზების განხილვა საკრებულოში აღარ შედგება. საკრებულოში არ მივიდნენ არც ყოფილი და არც ამჟამინდელი მერები და არც საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები.

„ერთ კვირა გავიდა და მუშა ტელევიზიის ეთერით ყვება, რა პრობლემები იყო იქ. ეს ნორმალურია? გამოდიან აქ გადაპრანჭულები და დავარცხნილები და შარვალ-კოსტუმით აკეთებენ განცხადებას, რომ თურმე შოუებში მონაწილეობას არ მიიღებენ. უკაცრავად, ეს არის თქვენი ვალდებულება. უნდა გაითავისონ, რომ ისინი არიან თბილისელების მიერ არჩეულები,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა.

ოპოზიციამ სხდომის ჩატარების ინიციატივით საკრებულოს თავმჯდომარეს ჯერ კიდევ გასულ კვირას მიმართა.

„ყველა ფორმატში მივიღეთ მონაწილეობა, შესაბამისად, კომისიაზეც ვიყავით, ფრაქციაც მოვიწვიეთ, მერია ასევე არ მოვიდა. დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიწვია რიგგარეშე სხდომა და აქაც არ მოვიდა „ქართული ოცნება“ და მერია. ეს შერჩევითობა და ფორმატების ძებნა, სად ნაკლები რამ ითქმება, ამის მიხედვით ეძებენ,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ევროპული საქართველო - თბილისის” თავმჯდომარემ, გიორგი გაბაშვილმა.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ მეტროში მომხდარ ინციდენტზე ბევრი კითხვა პასუხგაუცემელია, რასაც საკრებულოს უმრავლესობა არ ეთანხმება.

„კომისიური ფორმატი არის ყველაზე სამუშაო. პოლიტიკური განცხადებებისთვის და დივიდენდების ჩაწერისთვის დღეს რა უნიჭო წარმოდგენასაც მართავს „ნაციონალური მოძრაობა“, ამაში მონაწილეობას ვერ მივიღებთ. ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ქალაქსა და ქვეყანაში მიმდინარე ყველა მოვლენაზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვიღებთ,“ - განაცხადა საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის” წევრმა, ვახტანგ შაქარიშვილმა.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები