„მე ვფიქრობ, რომ ვინც შეცდომა დაუშვა, იმან უნდა დააბრუნოს თანხა. მე შეცდომა არ დამიშვია, მე მაქვს პროდუქტი, რაზეც ვიმუშავე,“ - ეს განცხადება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ყოფილმა წევრმა, ლელა გაფრინდაშვილმა აუდიტის დასკვნის საპასუხოდ გააკეთა. ლელა გაფრინდაშვილმა დღეს სამეთვალყურეო საბჭოს წევრების კითხვებს უპასუხა.
აუდიტის დასკვნიდან გაირკვა, რომ ლელა გაფრინდაშვილი საბჭოში უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ 5 თვის განმავლობაში ხელფასს იღებდა.
ლელა გაფრინდაშვილის თქმით, ბორდის წევრებთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მის მიმართ კითხვები ამოწურულია, რადგან მან აუხსნა ტელევიზიის წარმომადგენლებს, რომ ეს ხელფასი თავის სამუშაოში აიღო.
„მე ავხსენი ყველაფერი, რა იყო, როგორ იყო. რატომ ჩავთვალე, რომ ეს გადმორიცხვა, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ახორციელებდა, იყო სწორედ ამ ჩემს სამუშაოში. ასევე, მე მათ ვუთხარი, რომ როგროც ამ სამუშაოს დაწყებამდე, ასევე, დაწყების შემდეგ, განმავლობაში, ჩემი მუშაობის დასრულების შემდეგაც მე ვხვდებოდი უამრავ ადამიანს. საბჭოს თავმჯდომარემ იცოდა, იმიტომ, რომ მე 2015 წელს დავიწყე ამ იდეაზე მუშაობა, როცა ჯერ კიდევ ვიყავი სამეურვეო საბჭოს წევრი,“ - განაცხადა გაფრინდაშვილმა.