იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ანა დოლიძის, მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი პასუხობს. ანა ნაცვლიშვილის თქმით, არის მცდელობა, რომ პრეზიდენტი ჩაითრიონ მოსამართლეებთან პოლემიკაში.
„ქალბატონ ანა დოლიძეს, არ მგონია, რომ დაცვა სჭირდება, ვინაიდან საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი მისი საქმიანობა, მისი ერთგულება ღირებულებებისა და საქმისადმი, რომელსაც ის სხვადასხვა პოზიციაზე დიდი ხანია, წლების განმავლობაში ემსახურებოდა. რაც შეეხება ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, ჩვენ ვხედავთ საბჭოს წევრების მხრიდან მცდელობას, რომ საქართველოს პრეზიდენტი ჩათრეული იქნას დისკუსიაში და პოლემიკაში მოსამართლეებთან, მაგრამ ეს პოლიტიკური პინგ-პონგის მცდელობა არის უშედეგო და არ გამოვა,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები პრეზიდენტს უპირისპირდებიან, რისი მიზეზიც პრეზიდენტის მიერ საბჭოში წარდგენილი ანა დოლიძე და მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებებია. საბჭოს წევრები თვლიან, რომ ანა დოლიძე პრეზიდენტის პოლიტიკურ დღის წესრიგს ასრულებს.
საბჭოს წევრების გაღიზიანება დოლიძის იმ განცხადებამ გამოიწვია, რომელიც მან დღეს გააკეთა და განაცხადა, რომ „ზურაბ ადეიშვილის ნარჩენები“ სასამართლო ხელისუფლებაში ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობენ.