პარლამენტი მანდატურების უფლებების გაზრდის შესახებ კანონპროექტზეც მსჯელობს. ცვლილებებს დეპუტატები განათლების კომიტეტში განიხილავენ.
ცვლილებები მანდატურს უფლებას მისცემს, იმოქმედოს სკოლის გარე პერიმეტრზეც და კონტროლზე აიყვანოს მაღალი რისკის მქონე მოზარდები. სკოლების შიდა და გარე პერიმეტრზე სათვალთვალო კამერები უნდა დამონტაჟდეს. ასევე, მანდატურის ასაკი 21 წლიდან განისაზღვრება. სავალდებულო იქნება უმაღლესი განათლება.
კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ ოპოზიციის წარმომადგენლებს. ოპოზიციის წევრების თქმით, კანონპროექტი 2012 წლამდე მოქმედ კანონს ჰგავს.
„ეს კანონი არა მხოლოდ არის დაბრუნება 2013 წლამდე არსებული კანონისა და ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი აღიარებენ, რომ ამ ხუთი წლის განმავლობაში მოშლილია, ფაქტობრივად, სისტემა, არამედ აქ ჭარბად არის გაზრდილი შსს-ის უფლებამოვალეობები, ფაქტობრივად, მანდატური სამსახური შსს განათლების სამსახურთან ერთან ქმნის და აკონტროლებს წესდებასაც კი. ახლა შეიძება, ითქვას, რომ ეს არის პოლიციური რეჟიმისკენ წასვლა,“ - განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, სერგო რატიანმა.
ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ პრევენციულ ღონისძიებებში არ ჩანს ბავშვზე ზრუნვის სამსახურის ჩართულობა.
„არ ჩანს პრევენციულ ღონისძიებებში ისეთი სტრუქტურის ჩართულობა, როგორიცაა ბავშვზე ზრუნვის მიმართულებით არსებული სამსახურები, სოციალური სამსახურები. ნებისმიერი კანონმდებლობა თუ აქტი, რომელიც ბავშვებს უკავშირდება, უნდა გამოდიოდეს არა მხოლოდ კონტროლის მექანიზმებიდან, არამედ მასში უნდა იდოს ძალიან სერიოზული ბავშვზე ზრუნვის მექანიზმები. სწორედ ეს ბავშვზე ზრუნვის მიმართულებით მექანიზმები შემოთავაზებულ პროექტში სათანადოდ არ იკითხება,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ნინო კვიტაიშვილმა.
კანონპროექტთან დაკავშირებით ფსიქოლოგები და არასამთავრობოები გარკვეულ ხარვეზებზე მიუთითებენ. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მანდატურისთვის შეყოვნების უფლებების მინიჭებასთან დაკავშირებით რისკებს ხედავენ. არასამთვარობოების თქმით, ის არ უნდა დაემსგავსოს დაკავებას.
ბავშვთა ფსიქოლოგები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია სკოლაში პრევენციული ღონისძიებები არსებობდეს, თუმცა, ძალის გამოყენება პრევენცია არ არის. მაია ცირამუას შეფასებით, აუცილებელია, პროცესებში ჯანდაცვის სამინისტრო ჩაერთოს.
ავტორი: ნინო გაზდელიანი