საქართველოს პრემიერის განცხადებით, მაღალმთიანი რეგიონის სოფლებში მინი საბაგირო გზების მშენებლობა დაიწყო. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საპილოტე პროგრამის ფარგლებში, ზემო სვანეთსა და ქვემო სვანეთის რამდენიმე სოფელში 300-მეტრიანი საბაგირო კონსტრუქცია უკვე დამონტაჟდა. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, მინი საბაგიროები გერმანული წარმოებისაა და მისი ღირებულება 25 000 ევროს ფარგლებში მერყეობს.
"სოფლებში მინი საბაგირო გზების დამონტაჟება დავიწყეთ, ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიამ აღმოაჩინა გერმანული მწარმოებელი, რომელიც მინი საბაგიროებს აწარმოებს. ეს არ ჯდება ძვირი - დაახლოებით, 25 000 ევროს ფარგლებში თითოს ფასი, არის 200-300 მეტრის სიგრძის. სვანეთში დავიწყეთ საპილოტე პროექტი: უშგულში, უშხანარში, მაზერში, ეცერში- ეს ზემო სვანეთში და ქვემო სვანეთში დაბა ლენტეხში დავამონტაჟეთ ასეთი საბაგირო გზები და ვერ წარმოიდგენთ რამხელა პოპულარობით სარგებლობს, ყველა ბავშვს შეუძლია ისარგებლოს ძალიან მარტივი კონსტრუქციაა,"-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.