საქართველოს ნატოში გაწევრიანება ამერიკისა და ევროპის ინტერესებშია - ჰერითიჯის ფონდის მკვლევარის ამ ანგარიშის პრეზენტაცია ხვალ თბილისში გაიმართება. მოხსენების ავტორი ალიანსის წევრ ქვეყნებს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას ახსენებს და მოუწოდებს, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაცია დააჩქარონ.
ამერიკელი ექსპერტი წერს, რომ 2008 წლის ომისა და რუსეთის მუდმივი ზეწოლის მიუხედავად, საქართველოს არჩეული კურსიდან არ გადაუხვევია, პირიქით, ის ნატოს სამშვიდობო ოპერაციებში მუდმივად მონაწილეობს. ლუკ კოფი მიიჩნევს, რომ ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს ალიანსში გაწევრიანების გზაზე მოკავშირეებისთვის დაბრკოლებად, რუსეთისთვის კი, ფაქტობრივი ვეტოს საშუალებად არ უნდა იქცეს.
ტრამპის ადმინისტრაციასთან დაახლოებული ფონდის სპეციალისტის ანგარიშის პრეზენტაცია საქართველოში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ინიციტივით იმართება. ხვალინდელ დისკუსიაში ამერიკის ელჩი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც ჩაერთვებიან.
„დროა ალიანსმა ცოტა კრეატიულად იფიქროს. თითქმის, 10 წელი გავიდა ბუქარესტის სამიტიდან, სადაც საქართველოს ნატოში წევრობას დაპირდნენ. მინდა გარკვევით გითხრათ ჩემი წინადადების შესახებ. საქართველო საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში შეუერთდება ნატოს, მაგრამ ქვეყნის მხოლოდ ის ნაწილი მიიღებს მეხუთე მუხლით გათვალისწინებულ უსაფრთხოების გარანტიას, რომელიც არ არის რუსეთის მიერ ოკუპირებული. ეს მიესადაგება ტერიტორიების დასაბრუნებლად მთავრობის დაპირებასაც ძალის გამოუყენებლობის შესახებ.
"როდესაც არსებობს ასეთი დაპირება, მაშინ რაში გჭირდებათ მეხუთე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები ოკუპირებული ტერიტორიებისთვის. მაგრამ ერთ დღეს, როდესაც საქართველო ისევ გაერთიანდება, აფხაზეთიც და ცხინვალის რეგიონიც მიიღებენ მეხუთე მუხლით გათვალისწინებულ უსაფრთხოების გარანტიას. ასე რომ ეს საქმე იმაში არ არის, რომ საქართველოს ვინმე სთხოვს არჩევანი გააკეთოს. საუბარია რეალისტურ და გონივრულ გზაზე, რომ თქვენი ქვეყანა სწრაფად შეუერთდეს ალიანსს,“ - განაცხადა ჰერითიჯის ფონდის ექსპერტმა ლუკ კოფიმ.