„ირკვევა რომ ბატონი მირდატი, როგორც საკრებულოს მოქმედი თანამდებობის პირი კერძო საადვოკატო საქმიანობას კვლავაც აგრძელებს,“- ამის შესახებ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, სულიკო თებიძე განაცხადა, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბათუმის საკრებულოში კანონმდებლობის დარღვევაში დაადანაშაულა.
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონისა და ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, საკრებულოს თანამდებობის პირს არ აქვს უფლება, ეწეოდეს კერძო საადვოკატო საქმიანობას,“- განაცხადა სულიკო თებიძემ.
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ბრალდებებს მირდატ ქამადაძემ უპასუხა.
„ეს საქმიანობა ანაზღაურებადი არ ყოფილა, მაგრამ იმისთვის, რომ კითხვის ნიშნები არ გაჩენილიყო მე, თავად ჩემი ინიციატივით, საკრებულოს ადმინისტრაცია მივმართე, განმარტება ვითხოვე, რომ პრაქტიკა როგორაა ამ საქმეში, მქონდა თუ არა ადვოკატად სასამართლო პროცესზე გამოსვლის უფლება. ცალსახა პასუხი არც საკრებულოს იურიდიულ სამსახურს ჰქონია,“- განაცხადა მირდატ ქამადაძემ.