მსოფლიო ბანს, პაატა ბურჭულაძეს ფონდი „იავნანას“ საქმეზე ხვალ საქალაქო სასამართლოში მოწმის რანგში გამოკითხავენ. პროკურატურა საქველმოქმედო ფონდ „იავნანადან“ თანხების არამიზნობრივ გაფლანგვას იძიებს. ამ საქმეზე ფონდიდან წაღებულია მთელი ფინანსური დოკუმენტაცია.
ბურჭულაძემ გამოძიების ფარგლებში დაკითხვა სასამართლო წესით მოითხოვა. მსოფლიო ბანი განმარტავს, რომ ის ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად მზადაა. ამასთან, მას პროკურატურასთან პირადი კითხვებიც ექნება.
„მე მაქვს ერთი კონკრეტული შეკითხვა მარტო, რომ თუ სჯერათ იმ საქმის, რასაც იძიებენ, მე მეტი არაფერი შეკითხვა არ მაქვს. მე დარწმუნებული ვარ, რომ პროკურატურა თვითონ არის უხერხულ მდგომარეობაში, ისინი ჩააყენეს ამ სიტუაციაში და თვითონაც უნდა ამ სიტუაციიდან კარგად გამოსვლა და მე ხვალ გავცემ ყველაფერს პასუხს, რომ დავეხმარო მათ, რომ დახურონ საქმე,“ - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
მისი უფლებადამცველის თქმით, საქმეში უშუალოდ არ იკვეთება ბურჭულაძის ბრალეულობა, მიმდინარე გამოძიებას კი, ადვოკატი აბსურდულს უწოდებს.