20 ნოემბერი 2024,   13:21
ვრცლად
საქართველოს ნატოში გაწევრიანება - თბილისში "ჰერითიჯის" ფონდის კვლევის პრეზენტაცია იმართება

„საქართველოს ნატოში გაწევრიანება ამერიკისა და ევროპის სტრატეგიულ ინტერესებშია“ - ამ სათაურით კვლევა "ჰერითიჯის“ ფონდმა გამოქვეყნა. ის რამდენიმე დღის წინ გასაჯაროვდა. კვლევის ავტორი, ლუკ კოფი თბილისშია და ამ წუთებში ამ ანგარიშის პრეზენტაციას მართავს.

ის საქართველოს ხელისუფლებასა და პარტნიორ ქვეყნებს სთავაზობს, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება მალე გაწევრიანდეს ნატოში. ლუკ კოფის აზრით, საქართველო ნატოში გარკვეული დათქმებით უნდა გაწევრიანდეს. 

„ახლა არის საუკეთესო დრო, რომ ახლებურად ვიფიქროთ თუ როგორ უნდა მოხდეს საქართველოსა და ნატოს ერთმანეთთან დაახლოება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემი წინადადება არცერთ შემთხვევაში არ აყენებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ. საქართველოს ხელისუფლებას აქვს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ძალის არგამოყენების პირობა, ამიტომ არ მგონია გვჭირდებოდეს ნატოს წევრობის საკითხის გართულება მე-5 მუხლთან დაკავშირებული დებატებით.

"თქვენ არ გჭირდებათ მე-5 მუხლით გათვალისწინებული უსაფრთხოების გარანტია ოკუპირებული რეგიონებისთვის, როდესაც ოკუპაცია მშვიდობიანი გზებით დასრულდება, შემდეგ უკვე შეიძლება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მე-5 მუხლში შეტანა,“ - განაცხადა „ჰერითიჯის“ ფონდის ანალიტიკოსმა, ლუკ კოფიმ.

ამერიკის ელჩმა საქართველოში, იან კელიმ კიდევ ერთხელ დააფიქსირა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი.

„არავის უნდა შეეპაროს ეჭვი შეერთებული შტატების ერთგულებაში, რომ ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხოლოდ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მთლიანად საქართველოს სუვერენული გადაწყვეტილებაა, როგორ სურს, რომ ნატოს შეუერთდეს. ჩვენ ყოველთვის მხარს დაგიჭერთ. ნატო არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის და არც რომელიმე სხვა ქვეყნისთვის. არ ვფიქრობ, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები უნდა ეფუძნებოდეს იმას თუ რა შეიძლება გააკეთოს ან არ გააკეთოს რუსეთმა. ნატოს აქვს ღია კარის პოლიტიკა და ის ღიაა სახელმწიფოებისთვის, რომლებიც კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. როგორ გენერალურმა მდივანმა თქვა, საქართველოს აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი, რომ ნატოს წევრი გახდეს,“- განაცხადა იან კელიმ.

„ჰერითიჯის“ ფონდის ანალიტიკოსის კვლევის პრეზენტაციას პოლიტიკოსები და ექსპერტები ესწრებიან.

„რუსულ პროპაგანდას არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ისე დაამახინჯოს ეს მესიჯი, რომ შექმნას შთაბეჭდილება, ვითომ, საქართველო ტერიტორიულ მთლიანობაზე უარს ამბობს. არანაირად,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა რურუამ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის აზრით, იდეა, რომ გარკვეული დათქმებით საქართველო ნატოს წევრი გახდეს, ოღონდ ისე, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ შეილახოს, მისაღებია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები