„ეს არის ჩვეულებრივი ცილისწამება,“ - ეს განცხადება პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზვიად კვაჭანტირაძემ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის განცხადებების საპასუხოდ გააკეთა.
„ის, რასაც მუხთარლი და მისი მეუღლე აკეთებენ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ეს არის პირდაპირ მზაკვრული ნაბიჯი,“ - განაცხადა კვაჭანტირაძემ.
აფგან მუხთარლი აცხადებს, რომ მისი გატაცება საქართველოს პრემიერმინისტრის თანხმობით მოხდა. ზვიად კვაჭანტირაძის თქმით, აფგან მუხთარლის განცხადებებს მმართველი გუნდის ოპონენტები მათ წინააღმდეგ იყენებენ.
„მის განცხადებებს ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ ძალიან მარტივად და ძალიან მოხერხებულად იყენებენ ჩვენი ოპონენტები და ხომ ხედავთ უკვე დაიწყეს, პირდაპირი გაგებით ყეფა,“ - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურა აფგან მუხთარლის განცხადებას და აღნიშნა, რომ აღნიშნული ქმედებით ის პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს.
"სამწუხაროა ისიც, რომ ამ დროისთვის, გამოძიებამ ვერ დაადგინა მუხთარლის "გაუჩინარების" რეალური სურათი, რაც თავისთავად ხელს უწყობს ანტისახელისუფლებო და ახლა უკვე საქართველოს პრემიერმინისტრის საწინააღმდეგოდ გაკეთებულ ყველა განცხადებას და ამას მე კრიტიკულად აღვიქვამ," - აღნიშნულია ზვიად კვაჭანტირაძის მიერ გავრცელებულ Facebook პოსტში.