ვიზალიბერალიზაციის გამოწვევებზე პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით დახურული შეხვედრა გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციაში. შეხვედრას შინაგან საქმეთა, იუსტიციის და საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე, მთავარი პროკურორი და სუს-ის ხელმძღვანელი, ვახტანგ გომელაური ესწრებოდნენ.
ცნობილია, რომ მთავრობა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას აპირებს, მათ შორის, საკანონმდებლო ინიციატივების მიმართულებით. კერძოდ, შესაძლოა, დაწესდეს სანქციები იმ პირების მიმართ, რომლებიც სავიზო პირობებს დაარღვევენ.
„მიზანია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა კარგად გაიგონ თუ რა რისკებთან არის დაკავშირებული მათი ეს არალეგალური ვიზიტები და მოთხოვნები თავშესაფრის, რამდენად მძიმეა მათთვის ეს ფინანსურად, ასევე, შემდგომი შედეგებიდან გამომდინარე და ამ ინფორმაციას ჩვენ მაქსიმალურად გავავრცელებთ,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ.
იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი აღნიშნავს, რომ გარკვეული ტიპის სანქციებიც დაეკისრებათ იმ პირებს, რომლებიც შენგენის ზონაში დადგენილ წესებს დაარღვევენ.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საქართველო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის წინააღმდეგ სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობას გააძლიერებს.