ჟვანიას ქუჩაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ მმართველი გუნდი შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტს დაჩქარებული წესით მიღებაზე ალაპარაკდა.
დოკუმენტის განხილვა პარლამენტში რამდენჯერმე გადაიდო, რაც ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის მიზეზიც გახდა.
ისინი ხელისუფლებას პროცესის გაჭიანურებაში ადანაშაულებენ მაშინ, როცა უკონტროლო მშენებლობებზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შედეგად დაღუპული მუშების სტატისტიკა საგანგაშოა.
გუშინ კიდევ ერთი შემთხვევა თბილისში ჟვანიას ქუჩაზე მოხდა, სადაც 26 წლის ახალგაზრდა მშენებარე კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოვარდა.
„უკვე თებერვლის სესიებზე ეს ჩვენ შესაძლოა, სამივე მოსმენით მივიღოთ იმიტომ, რომ ის რაღაც გარკვეული ხარვეზი შეჯერების, რომელიც, თითქოს, არ იყო წინა კვირას, პრაქტიკულად შეჯერდა... კომპანიებსა და საწარმოებში იქნება სპეციალური შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი, ასეთი ინსტიტუცია შემოდის. შრომის ინსპექციის დეპარტამენტს ექნება გარკვეული უფლებები იმისთვის, რომ შეამოწმონ და გარკვეული საჭიროების შემთხვევაში სანქციებს მიმართოს,“ - აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ცქიტიშვილი.