მიხეილ სააკაშვილმა ვრცელი ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია "ალ ჯაზირას." საქართველოს მესამე პრეზიდენტი ერთ-ერთ გადაცემაში ჩაერთო და უკრაინასა და საქართველოში მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებზე ისაუბრა.
სააკაშვილის თქმით, არსებული ვითარება აჩვენებს, რომ უკრაინის პროკურატურას მის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ აქვს. ოდესის ყოფილი გუბერნატორის თქმითვე, საქართველოს ხელისუფლებას, ოფიციალური განცხადებების მიუხედავად, საქართველოში მისი ექტრადირების ეშინია.
"უკრაინის ხელისუფლებას არ სურს ჩემი დაკავება იმისთვის, რომ გამასამართლონ, რადგან არ არსებობს რაიმე მტკიცებულება ჩემს მიერ ჩადენილი დანაშაულის. მათ სურთ, რომ ქვეყნიდან გამაძევონ და თავიდან მომიშორონ, ეს კი სულ სხვა თამაშია. მიზეზი, თუ რატომ უნდათ რომ ჩემგან თავი დააღწიონ არის ის, რომ ჩემს წინააღმდეგ რეალური საქმე არ აქვთ. მე გზა გადავუღობე ოლიგარქებს, რომლებსაც სურთ, რომ ქვეყანა შემდგომშიც გაძარცვონ. უკრაინა თავისი რესურსებით პოტენციურად უმდიდრესი ქვეყანაა ევროპაში, ახლა კი ის ევროპის ყველაზე ღარიბი ქვეყანაა, რადგან შვიდ ოლიგარქს ქვეყნის მთელი სიმდიდრე, როგორც მძევალი, ისე აქვს ხელში ჩაგდებული, მე კი მთავარ მტრად მიმიჩნევენ. მე მხარს ვუჭერ მოდერნიზებული, დემოკრატიული, ევროპული უკრაინის იდეას ოლიგარქებისა და კორუფციისგან თავისუფალი ეკონომიკით, რადგან კორუფცია კლავს ეკონომიკას და თუ ასე მოხდა, უკრაინა უბრალოდ გაქრება,"-აცხადებს სააკაშვილი.