ოპოზიცია აფგან მუხთარლის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას კიდევ ერთხელ მოითხოვს. მათი განცხადებით, მუხთარლის საქმეზე კიდევ უფრო მეტი კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც კლინიკა "ლანცეტის" დირექტორის ადვოკატებმა ფარმან ჯერინალის საქართველოში დაკავება აზერბაიჯანში, მის წინააღმდეგ მიმდინარე დევნას დაუკავშირეს.
ოპოზიციის ლიდერები მუხთარლის საქმეში დაგროვილ კითხვებზე პასუხებს ითხოვენ.
,,მუხთარლის გაუჩინარება და გატაცება არის უდიდესი ლაქა თანამედროვე ქართულ ისტორიაში. ეს არის დანაშაული, რომელშიც ჩარეულია და ჩართულია უშუალოდ ხელისუფლება. საუბარია იმაზე, თუ რა ხარისხის არის ეს დანაშაული, არის ეს განზრახ დანაშაული თუ ნაკლები ხარისხის პასუხისმგებლობაზე შეიძლება საუბარი.
ფაქტია, რომ მთელი ხელისუფლება ჩართულია დანაშაულის დაფარვაში. წაშლილია ყველა ჩანაწერი მუხთარლის გატაცების გზაზე. ხელისუფლება გარდა იმისა, რომ კონსპირაციის თეორიებს გვთავაზობს არანაირ კონკრეტულ პასუხს არ სთავაზობს საზოგადოებას“- აცხადებს ,,ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაზა ბიბილაშვილი.
საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის ელენე ხოშტარიას განცხადებით, უმცირესობა დღეს ბიუროს სხდომაზე მოითხოვს, რომ პირველივე სხდომაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი განიხილონ.
,,დროის გაჭიანურებით და ამ უტიფარი განცხადებებით, რაც მოვისმინეთ....
დაპატიმრებულ ადამიანს ლანძღავენ. იმ ადამიანს ,რომელიც ჩვენი ქვეყნის მიწაზე იყო ქალაქის შუაგულში გაქრა და აღმოჩნდა სხვაგან. აი მას ლანძღავენ ახლა . ამ ყველაფრით ჯერ ერთი რომ ქვეყნის იმიჯს ლახავენ და ადამიანის უსაფრთხოებას უქმნიან პრობლემას... ეს ის საკითხია, რომელიც არ უნდა გაუვიდეს“-განაცხადა ელენე ხოშატარიამ.